ოპოზიციური ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრების მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წამოწყებულ 30 წუთიან დებატებს მმართველი
უმრავლესობა გამოეხმაურა.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, პარტკომების, პარტიული ინსტრუქტორების, საბჭოთა კავშირის რეანიმატოლოგთა ოცნება საქართველოში არ ასრულდება და ოქტომბერში „ქართველი ხალხი რუსულ ოცნებას დაასრულებს, რომლის უკანასკნელ ამოძახილს პარლამენტში“ ისმენენ.
„ამ ადამიანებს ევალებათ, თავის პატრონთან ერთად, რომლის რუსული ოცნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გაფორმებაა, ამ საკითხებზე ისაუბრონ“ – განაცხადა შოთა მალაშხიამ.
მისი თქმით, რუსეთს საქართველოში სჭირდება ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ 2008 წლის დანაშაული ქართველებმა ჩაიდინეს, და ამის გამო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა პეტრე მამრაძემ 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომის წინ ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ და ევროპის მეგობარი სახელმწიფოები აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ საქართველოს გამთლიანების მიზნით სამხედრო ოპერაცია არ დაეწყო.
