წიკლაური – mast carry–ს პრინციპის გაზიარება მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესითაა განპირობებული
წიკლაური – mast carry–ს პრინციპის გაზიარება მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესითაა განპირობებული
18:16 22.06.2012
მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის ხელისუფლების მიერ გაზიარებას მმართველი გუნდის წევრი ნუგზარ წიკლაური მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესით ხსნის.
როგორც დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საკაბელო კომპანიებზე საქართველოში მოქმედი კანონით დაშვებული ყველა ტელემაუწყებელის ტრანზიტის ვალდებულება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდება.
„კერძო საკუთრებასა და ბიზნესში ჩარევა, მე პირადად, გამართლებულად არ მიმაჩნია, მაგრამ, ახლა მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობს. საარჩევნო პერიოდის შემდეგ კერძო ბიზნესის ასეთი დავალდებულება მართებული არ არის“ - განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს შესაბამის საკანონმდებლო გარანტიებსა და ახალ ინიციატივებზე იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის საკაბელო ქსელებით ტრანსლაცია განხორციელდეს.
კამპანია „ეს შენ გეხება“ წლის დასაწყისიდან ხელისუფლების წინაშე აყენებს წინადადებას mast carry–ს პრინციპის ამოქმედების შესახებ, თუმცა პარლამენტის მმართველი გუნდი ამას არ თანხმდებოდა. „ეს შენ გეხებამ“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვება გადაწყვიტა.

ბეჭდვა