„დემოკრატიული მოძრაობა“ გაერო-ს სპეცწარმომადგენლის დასკვნას კრიტიკულს უწოდებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ გაერო-ს სპეცწარმომადგენლის დასკვნას კრიტიკულს უწოდებს
17:30 22.06.2012
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის დასკვნას მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების  თავისუფლების შესახებ მოწონებით ხვდება და მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო უსამართლოა და მთლიანად მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ თებერვალში ვიზიტისას შეხვედრები გამართა, როგორც ხელისუფლების ისე უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
პარტიის ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის მაინა კიაის მიერ გაკეთებულ საბოლოო ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, სერიოზული კრიტიკაა შენარჩუნებული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით.
ხაზგასმულია პრეტენზიები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან მიმართებითაც. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოში კვლავ პრობლემაა მმართველი პარტიის როლის ხელისუფლების როლთან აღრევა, რასაც „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის არათანაბარი გამოყენების პრობლემასთან მივყავართ.
რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, როგორც „დემოკრატიული მოძრაობა“ აღნიშნავს, გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მიიჩნევს, რომ პოლიციამ „აშკარად გადაჭარბებული ძალა“ გამოიყენა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ განზრახვა არა მომიტინგეთა დაშლა, არამედ, მათი დასჯა-დაშინება იყო.

ბეჭდვა