ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება ისტერიკაშია
ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება ისტერიკაშია
17:00 22.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების მდგომარეობას ისტერიკას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი  „ქართული ოცნების“ აქციებია. ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქრთველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ივანიშვილის თქმით, 27 მაისიდან დაწყებული კოალიციის ყველა მიტინგი ხალხმრავალი იყო, რამაც ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია.

„ადრე კანონის დაცვას ფორმალურად მაინც ცდილობდნენ, დღეს ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და წითელ მოედანზე გადავიდნენ. დღეს უარყოფენ დემოკრატიას და ქვეყანაში ტერორს აპირებენ, რაც არ გამოუვათ“ - განაცხადა მან და იქვე აღნიშნა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება და კოალიცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას დიპლომატებთან, ივანიშვილის თქმით, საუბარი ბოლო დღეებში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხო. კერძოდ, კოალიციის ლიდერმა დიპლომატებს გააცნო ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის 150 მილიონ ლარამდე ჯარიმის დაკისრების შესახებ, რაც აპელაციის შემდეგ განახევრდა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა, ასევე იყო „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებული მოვლენები.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტებები არაიურიდიული იყო, რაც მილიარდერმა მეზობელი ქალების ჭორაობას მიამსგავსა.

კოალიციის ლიდერმა ელჩებს ინფორმაცია „გლობალ-ტვ“-ს მეწილის აშშ-ს მოქალაქის ალექსანდრე რონჟესის დაკავებაზეც მიაწოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მოქალაქემ ალექსანდრ რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციაა.
უწყების ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ რონჟესმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება, მიზანშეწონილი იყო მოწმის სახით მისი დაკითხვა.




ბეჭდვა