შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ზაზა ჭელიძეს სამინისტროსთვის სასურველი ჩვენების მიცემას
აიძულებენ. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.
სესიაშვილი განმარტავს, რომ შსს-ს „ბინძური განცხადება შავ პიართანაა“ დაკავშირებული და მას პოლიციელის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
„ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც უსუსურს და უსაფუძვლოს ხდის ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რამდენადაც ოპერატიულ მუშაკს ლაშა კურტანიძეს ჭელიძის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა აიძულეს, თუმცა, მისივე თქმით, კურტანიძემ დაწერა წერილი, სადაც ის, სესიაშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.
სესიაშვილის განცხადებით, პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ჭელიძეს, სავარაუდოდ, იძულებით ათქმევინეს უარი ადვოკატზე და საკუთარი თავის საწინააღმდეგო არარეალური ჩვენება მიაცემინეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ ციხეში მივიდა ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი, მაგრამ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო, პატიმრის ნახვა ვერ შეძლო.
„ჩემს საწინააღმდეგოდ მოპოვებული ნებისმიერი ჩვენება ჭელიძეზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია“ - განაცხადა სესიაშვილმა ამ პროცესს პოლიტიკური დევნის შეფასება მისცა.
მას შემდეგ, რაც პოლიციას ჩვენება მისცა, ლაშა კურტანიძემ ზემოაღნიშნული წერილი დატოვა და მიიმალა.
