საქართველოს საგარეო უწყების დელეგაცია ვატიკანში იმყოფება
საქართველოს საგარეო უწყების დელეგაცია ვატიკანში იმყოფება
16:29 22.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის ხელმძღვანელობით, ქართული საგარეო უწყების დელეგაცია ვატიკანში იმყოფება.

ვიზიტი საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს უკავშირდება. მის ფარგლებში დელეგაცია წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოსს დომინიკ მამბერტის, მის მოადგილეს მონსინიორ ეტორე ბალესტრეროს, მშვიდობისა და სამართლის საბჭოს თავმჯდომარეს კარდინალ პეტერ ტურკსონს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს გლობალური გამოწვევების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

ქართულ საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვატიკანის მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვატიკანის საკონფერენციო დარბაზში წმიდა საყდართან საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა.

ბეჭდვა