ვეფხვაძე - შესაძლოა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ადეკვატურობა დაკარგონ, რისი ნიშნებიც სააკაშვილის სახით უკვე ჩანს
ვეფხვაძე - შესაძლოა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ადეკვატურობა დაკარგონ, რისი ნიშნებიც სააკაშვილის სახით უკვე ჩანს
16:07 22.06.2012
პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი, „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლებზე არაადეკვატური  განცხადებების გამო, ლიმიტი უნდა დაწესდეს.
ვეფხვაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ მას არ სურს სააკაშვილი კუბის ლიდერს ფიდელ კასტროს შეადაროს, რომელიც, მისი თქმით, 5-6 საათი ლაპარაკობდა, თუმცა, სააკაშვილის საეთერო გამოსვლები მინიმუმ ერთი საათი გრძელდება ხოლმე.
„პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად შესაძლოა, ბევრმა ლიდერმა ადეკვატურობა დაკარგოს, რისი ნიშნებიც პრეზიდენტ სააკაშვილის სახით უკვე ჩანს“ – განაცხადა დეპუტატმა და პრეზიდენტს ურჩია ცოტა ილაპარაკოს, რადგან მისი თქმით, რაც უფრო მეტს ლაპარაკობს, უფრო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.
დეპუტატმა მაგალითად მოიყვანა სააკაშვილის მიერ რუსთავში გაკეთებული განცხადება.
„მან თქვა, რომ რუსთავი საყოველთაო სიამოვნების და ნეტარების ქალაქია და იქ ცხოვრება ნარნარია, რადგან ყველაზე დაბალი კომუნალური გადასახადებია. ეს იყო არაადეკვატურობის კლასიკური მაგალითი“ – განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით, რუსთავის მოსახლეობა ზამთარში გაზის შეკუმშვის კოეფიციენტს იხდის და ტარიფი 60 თეთრია.
ამასთანავე, ვეფხავძემ სააკაშვილი პატარა ბავშვს შეადარა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ რეალურ მძიმე ვითარებას ვერ ხედავს.

ბეჭდვა