საარჩევნო პერიოდში საკაბელო ქსელებით ყველა სატელევიზიო არხის ტრანსლაცია განხორციელდება. შესაბამის საკანონმდებლო
გარანტიებსა და ახალ ინიციატივებზე ხელისუფლება მუშაობს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ ახალ საკანონმდებლო გარანტიებზე და ახალ ინიციატივებზე, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა სატელევიზიო არხს მიეცემა საშუალება უფრო მეტ ამორჩეველს, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიაწვდინოს ხმა და სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა გაიზარდოს“ - განაცხადა ბაქრაძემ
მისი თქმით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს მისაღებ თუ მიუღებელს. საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას“ – აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
მისი თქმით, საარჩევნო პერიოდი სპეციფიურია და საზოგადოების ინფორმირებულობას ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„აქედან გამომდინარე, შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება, გავაკეთოთ გამონაკლისი და ამ პერიოდში დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები მიაღწიონ შეთანხმებას იმ მიზნით, რომ მოიგებული დარჩეს ჩვენი ამომრჩეველი, რომელსაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება“ - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ საკაბელო მაუწყებელსა და სატელევიზიო მაუწყებელს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება კერძო კომერციული მოლაპარაკებაა.
„ჩვენი სურვილი და მოტივაცია ამ ინიციატივაზე მუშაობის დროს გახლავთ ის, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე იყოს მთლიანად გახსნილი, ყველა სატელევიზიო არხს და ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ხალხთან საკუთარი სათქმელის მიტანის საშუალება და რაც მთავარია, ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი, ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალება“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის ამოქმედების შესახებ მოთხოვნას პარლამენტის წინაშე კამპანია „ეს შენ გეხება“ აყენებდა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.
