პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების ზეწოლა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ყოველდღიურად მატულობს.
პარტიის განცხადების თანახმად, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ანტენების დაყადაღება კერძო ბიზნესის დატერორების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანია აცხოვროს ქვეყნის მოსახლეობა იმ ვირტუალურ რეალობაში, რომელსაც უკვე მრავალი წელია წარმატებით ქმნის საერთონაციონალური მაუწყებლობის ტელევიზიების მეშვეობით. არსებული რეჟიმი უკვე დაუფარავად, პირდაპირი ტერორის გზით უზღუდავს საქართველოს მოქალაქეებს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალებას“ - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.
მათი შეფასებით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონების დაყადაღება, რასაც სავარაუდოდ სატელიტური ანტენების და „რესივერების“ კონფისკაცია მოჰყვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის კონსოლიდირებული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია მოქმედი რეჟიმის დამარცხება და დაუშვებელია ოპოზიციის მხრიდან „სხვისი ჭირის – ღობეს ჩხირის“ პრინციპით მოქმედება.
