კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ანტენების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლოს განჩინებაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული ქონება დაყადაღდა, არის ფრაზა, რომელიც უკანონობას ფარდას ხდის.
მისი განმარტებით, განჩინებაში მოსამართლე პირდაპირ წერს, რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ანტენები დანაშაულის იარაღს წარმოადგენს, ამიტომ აკმაყოფილებს პროკურორის მოთხოვნას დანაშაულის ამ იარაღის დაპატიმრების შესახებ.
„ამდენად, უწყინარი ანტენები პროკურატურამ და სასამართლომ დანაშაულის იარაღად გამოაცხადა. რამდენად შეიძლება იყოს კამერა, სატელიტური თეფში, ტელეფონი და ვიდეოაპარატურა დანაშაულის იარაღი, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ თავისი იურისტები ჰყავს და ისინი შესაბამისად იმოქმედებენ, თავის მხრივ კი - კოალიცია ყველა მედიასაშუალებას ქომაგობს.
