პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, ვიცე-
სპიკერ გიგი წერეთელს ოპოზიციონერი დეპუტატების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ბაღათურიას ეს განცხადება ვიცე-სპიკერის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტში ოთხ წელიწადს უშედეგოდ არ ჩაუვლია და ზოგიერთმა კოლეგამ „მწყობრი“ საუბარი ისწავლა.
„მიკროფონთან არც თქვენ დაბადებულხართ და სწორედ პარლამენტში ისწავლეთ საუბარი. გადით ქუჩაში ჰკითხეთ მოსახლეობას და დაინახავთ, რომ თქვენი ავტორიტეტი მიწასთანაა გასწორებული, ხოლო ვისზეც თქვენ ირონიით საუბრობთ, რომანი მარსაგიშვილს და კარლო კოპალიანს კი, ხალხი პატივს სცემს“ - მიმართა ბაღათურიამ წერეთელს.
ვიცე-სპიკერმა პასუხად განაცხადა, რომ ჯონდი ბაღათურია ქალაქის საკრებულოში მოკრძალებული დეპუტატი იყო, როდესაც ფრაქციას ხელმძღვანელობდა, ხოლო, ახლა, მისივე განცხადებით, ბაღათურიამ გარკვეული ამბიციები დაიკმაყოფილა და ტელე-კამერებთან პოზიორობა ისწავლა.
