საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში თანამეგობრობისა და გაერო-ს
საკითხებზე სახელმწიფო მინისტრს ბარონესა ჯოის ანელეისს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას დაეთმო.
დავით ზალკანიანმა ბრიტანულ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამ კონტექსტში, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის პროცესი აღინიშნა.
ბრიტანულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი ადგილობრივ მაცხოვრებლებზე უარყოფითად აისახება.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ასევე, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის პოლიტიკურ დირექტორ, კრისტიან ტერნერთან და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დეპარტამენტის დირექტორ, რობ ფენთან გამართა შეხვედრები.
