პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მიერ, დღეს, პლენარულ სხდომაზე 30 წუთიანი
დებატების დროს გაკეთებულმა განცხადებებმა საპარლამენტო უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე, ფრაქციის სახელით გამოსულმა პეტრე მამრაძემ 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომის წინ ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო უაზრო ომი.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აშშ და ევროპის მეგობარი სახელმწიფოები აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ საქართველოს გამთლიანების მიზნით სამხედრო ოპერაცია არ დაეწყო.
მისი თქმით, 2008 წლის 17 აპრილს აშშ-ს მაშინდელმა ელჩმა ჯონ ტეფტმა სააკაშვილს გადასცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „თუ სააკაშვილი სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას დაიწყებდა, ის მარტო დარჩებოდა“.
მამარაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ხაზინის ქურდების ავტოკრატიული რეჟიმია, რომელიც, მისივე განცხადებით, სააკაშვილის მეთაურობით ქვეყნის მოსახლეობას ტყუილ დაპირებას აძლევს, ისევე, როგორც ეს ოთხი წლის წინ იყო.
მამრაძის აღნიშნულ განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან რეპლიკები მოყვა და მას მოღალატე და პროლეტარი უწოდეს.
