საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის, საქართველოს
მოქალაქეებისთვის დღეს ევროკავშირის კარი გაიღო.
ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერმა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა.
"ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიაში, ჩემს კოლეგებს და, პირველ რიგში, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დიდი მხარდაჭერისთვის, რეფორმების განხორციელების პროცესში. დღევანდელი დღე არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
