საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღეს ძალიან
შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი სრულდება, რომელმაც საქართველოს ვიზალიბერალიზაცია უზრუნველყო და საქართველოს ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას გაუსვა ხაზი.
ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პროცესი უკავშირდებოდა ევროპულ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ. საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო და ეს გაუხსნის მას კარს ევროპულ ოჯახში. ეს დღეც აუცილებლად დადგება“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჯანელიძემ ასევე, საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო სანდო პარტნიორიიყოს ევროკავშირისთვის, რაც ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში და მის სრულფასოვან წევრობას უზრუნველყოფს.
მისი განმარტებით, ამისათვის გზა ჯერ კიდევ გასავლელია და რეფორმებია გასატარებელი, რაც მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და მათთვის კონკრეტულ სარგებელს უზრუნველყოფს.
„ეს პროცესი საბოლოო ჯამში ევროპულ ოჯახამდე და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს“ - აღნიშნა ჯანელიძემ.
საგარეო უწყების ცნობითვე, ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, ხოლო გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
