მიხეილ ჯანელიძე კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
13:34 01.03.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მანუელ გონზალესს შეხვდა.
შეხვედრა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო საქმეთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ და მანუელ გონზალეს სანზიმ როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა მიმოიხილეს და დაინტერესება გამოთქვეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყონ ხელი.
განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, არსებულ საინვესტიციო გარემოს და იმ ახალ შესაძლებლობებს დაეთმო, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების განსავითარებლად ქმნის საფუძველს.
მანუელ გონზალესმა დაინტერესება გამოხატა მიმდინარე წელს საქართველოს ეწვიოს და მრავალი მიმართულებით ქვეყნის წარმატებას ადგილზე გაეცნოს.
შეხვედრაზე ასევე, მინისტრებმა დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა განიხილეს.
შეხვედრისას ასევე, საუბარი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ბოლო განვითარებებს შეეხო, მანუელ გონზალესი ასევე, რეგიონში შექმნილი ვითარებით დაინტერესდა.
მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების შესახებ მიწოდა ინფორმაცია.




ბეჭდვა