„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მედიაკომპანიებზე განხორციელებული ქმედებების გამჭვირვალეობას ითხოვს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მედიაკომპანიებზე განხორციელებული ქმედებების გამჭვირვალეობას ითხოვს
10:56 22.06.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, მედიის სფეროში მოქმედი კომპანიების მიმართ განხორციელებული  ყველა ქმედება გამჭვირვალე და პროპორციული იყოს. ამის თაობაზე ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სატელიტური თეფშების დაყადაღება დაიწყეს, რომელსაც „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” იყენებს. არსებული ინფორმაციით, კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმაა, ამ საწყობში დაახლოებით 70 000 სატელიტური თეფში აქვს განთავსებული. დაყადაღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა, რომლის თანახმად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებები გამოყენებული იქნებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის.

„გაუგებარია, რატომ გამოიყენა სასამართლომ ყადაღა, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კადექსის მიხედვით ყადაღა დანაშაულის მომზადების ან აღკვეთის მიზნით გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ხოლო ამომრჩეველთა მოსყიდვა ნაკლებად მძიმე დანაშაულია“-ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიაჩნია, რომ ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც არსებობს ამომრჩეველთა მოსყიდვის, პოლიტიკური პარტიის უკანონო დაფინანსების ან კორუფციის ეჭვი, სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული. თუმცა, გამოყენებული სანქციები უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე უნდა განხორციელდეს.

„ამასთან, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ხსენებული ქმედებები საზოგადოებამ მედიაზე თავდასხმად არ აღიქვას“-აღნიშნავს ორგანიზაცია და იქვე დასძენს, რომ მედიის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბეჭდვა