პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ დღეს კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით საერთაშორისო თანამრგობრობას მიმართავს და პროცესის შესაჩერებლად სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მხრიდან დღესპირდაპირი რეპრესიები დაიწყო.
„ამით მათ საბოლოოდ ჩამოიხსნეს დემოკრატიულობის ნიღაბი, რომელ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ დღეს, როდესაც ძალოვანი სტრუქტურების მიერ წამოწყებულია ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაცია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და „ელიტა ბურჯის“ წინააღმდეგ. ეს ქმედებები არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეფასებულია, როგორც ყოვლად შეუთავსებელი დემოკრატიულ ფასეულობებთან“ - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს პოლიციამ კომპნია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღება დაიწყო. ანტენები უკვე დაყადაღებულია ქობულეთში, თბილისში, ურეკში, სამტრედიაში. დაყადაღების პროცედურა მიმდინარეობს ასევე კომპანიის ყვარლის და თელავის საწყობებში. ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები კომპანია „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი მსგავსი საწყობი მდებარეობს. ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ შესვლის შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს.
