ვახტანგ ყოლბაიამ პოლონეთის ელჩს უმასპინძლა
ვახტანგ ყოლბაიამ პოლონეთის ელჩს უმასპინძლა
14:26 25.02.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაიამ მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის პოლონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.

მან ასევე, საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს გაუსვა ხაზი, მოკლედ გააცნო აფხაზეთში, კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებული მდგომარეობა და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის.

მან ასევე, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე გადასასვლელების შესაძლო დაკეტვაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა.
ამასთანავე სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
თავის მხრივ მარიუშ მაშკიევიჩმა, ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, პოლონეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დაადასტურა. აღნიშნა, რომ პოლონეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და მტკიცე მხარდაჭერაც კვლავ გაგრძელდება.


ბეჭდვა