კოალიცია „ქართული ოცნება“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
კოალიციის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადის შემდეგ, ხელისუფლება
ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს პოლიტიკაში მისი მონაწილეობა და ამაში არა ერთი
სახელისუფლებო ინსტიტუტი ჰყავს ჩართული.
„თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ, ყველასთვის ცხადი გახდა, როგორი მხარდაჭერა აქვს კოალიციას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა წინ აღუდგეს ბიძინა
ივანიშვილსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ფინანსური რესურსების გადაკეტვით შეაჩეროს მისი პოლიტიკური აქტიურობა. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამ ბოლო დღეებში მრავალი მხარდამჭერი გამოეხმაურა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, თავად დააფინანსონ და ამით საკუთარი წვლილი შეიტანო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კოალიციას სთხოვენ საბანკო ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს არა მარტო აქციებზე მოსვლით, არამედ საკუთარი ფინანსური მონაწილეობითაც მხარში დაუდგეს კოალიციას წინასაარჩევნო
საქმიანობაში და ამით თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში“ - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია „ქართული ოცნება“ მადლობას უხდის მათ დიდი ნდობისა და მხარში დგომისთვის და საბანკო ანგარიშსა და რეკვიზიტებს აქვეყნებს.
