ლევან ვეფხვაძე - „ნაცმოძრაობის“ შემოწირულობების ნაწილი „მადნეულს“ უკავშირდება
ლევან ვეფხვაძე - „ნაცმოძრაობის“ შემოწირულობების ნაწილი „მადნეულს“ უკავშირდება
17:56 21.06.2012
„ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“ ეჭვი შეაქვს მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობების  კანონიერებაში და კონტროლის პალატისგან შემომწირველთა გადამოწმებას ითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, გასარკვევია ხომ არ არის იურიდიული პირების შემოწირულობა ფიზიკურ პირთა ხელით განხორციელებული.
„ნაცმოძრაობის შემომწირველებს შორის არის ოთხი ადამიანი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან იურიდიულ პირს „მადნეულს“, მათ შორის არიან ხელმძღვანელი პირებიც. ძალიან საეჭვოა, ეს გადახდა ხომ არ უკავშირდება საწარმოს შემოწირულობას“ – განაცხადა ვეფხვაძემ.
გარდა ამისა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ დაფიქსირდა 5 ადამიანი, რომელთა შემოწირულობა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისინი პროკურატურამ დააკავა და სახელმწიფოს სასარგებლოდ კონკრეტული თანხების გადახდას ედავებოდა.
„დაკავებულებმა თანხა არ გადაიხადეს, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით ისინი გაათავისუფლეს და მერე აღმოჩნდა, რომ მათ შემოწირულობა გადაიხადეს. კონტროლის პალატამ უნდა გაარკვიოს ასეა თუ არა“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.
კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლის დასწყისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ჯამში 1 მლნ 768 ათას 492 ლარის ოდენობის ფულადი შემოწირულობა მიიღო.

ბეჭდვა