ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის პროექტს დღეს, პარლამენტის სამი კომიტეტის
გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
კონცეფცია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად შეიმუშავა.
როგორც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განხილვაზე აღნიშნა, პროექტში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფოს გენერალური იდეა, რომელიც სტაბილურ, უსაფრთხო, მშვიდობიან და განვითარებულ კავკასიის რეგიონს გულისხმობს.
სხდომაზე ითქვა, რომ პროექტს რისკების შესახებ ახალი ქვეთავი დაემატება, სადაც რეგიონში ტერორიზმის არსებული საფრთხეები აისახება.
„საქართველო კავკასიის განუყოფელი ნაწილია და მისთვის რეგიონში მიმდინარე ყველა პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს“ – ნათქვამია დოკუმენტში.
კონცეფციის პროექტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ის მიზნად ისახავს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში არსებული კავშირების გამყარება-გაღრმავებას.
პროექტს ბიუროზე წარადგენენ და შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
