საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის
დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია.
საგარეო საქმეთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.
კატარის მხრიდან კონსულტაციებს სამინისტროს გენერალური მდივანი აჰმედ ჰასან ალ-ჰამადი (Dr. Ahmad Hassan Al-Hamadi) უძღვებოდა.
დღეს პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები იქნა განხილული. შეხვდრაზე მხარეებმა უკანასკნელ პერიოდში მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურებული პარტნიორობა აღნიშნეს. ასევე, ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხები მიმოიხილეს.
შეხვედრაზე ორივე მხრიდან ინტერესი და მზადყოფნა გამოითქვა, რომ ორმხრივი სექტორული ურთიერთობების განვითარებას ხელი შეეწყოს, მათ შორის განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
კატარიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა დადებითად შეფასდა . კატარის მხარეს ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიეწოდა.
უწყების ცნობითვე, ასევე, საუბარი მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობებს შეეხო და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას ხაზი გაესვა. მხარეებმა უსაფრთხოების გლობალური საკითხები და მიმდინარე გამოწვევები მიმოიხილეს.
ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნო . ორივე მხარემ მზადყოფნა გამოხატა ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ხელი შეუწყონ.
შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების მეორე რაუნდი 2018 წელს თბილისში გაიმართება.
შეხვედრა 5-7 თებერვალს იმართება.
