პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობა დღეს სიგნალების აქციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა შოთა ძაგნიძემ განუცხადა, აქციის მიზანი მედიის თავისუფლების მოთხოვნა და იმ წნეხის გაპროტესტებაა, რომელსაც ხელისუფლება მედიაზე ახორციელებს.
„გვინდა გავამხნევოთ საზოგადოება, ამასთან, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მედია არის საზოგადოებისთვის და არა ხელისუფლებისთვის“ - განაცხადა ძაგნიძემ.
მისივე განმარტებით, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მთელ ქალაქს ავტომობილებით მოივლიან და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა კერძო ტელეკომპანიების, ასევე თბილისის მერიის და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან მცირე აქციებს გამართავენ.
ძაგნიძე აცხადებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლება არც კერძო ტელეკომპანიებს აქვთ.
აქცია 15:00 საათზე, სააკაძის მოედნიდან დაიწყება.
