საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის
რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ეწვევა.
ვიზიტი მიმდინარე წლის 2-3 თებერვალს შედგება, რომლის ფარგლებში კურცი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. შეხვედრებისას მხარეები საქართველო- ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლს და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს. ასევე ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი კურცი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას დაესწრება და ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას შავშვებში ეწვევა.
კურცის ვიზიტი ეუთო-ს თავმჯდომარეობის დასაწყისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ავსტრიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
