საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედიაჯგუფის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხვდებიან.
შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში მედიის ჩართულობის საკითხების განხილვაა.
ხარატიშვილმა ის ღონისძიებები შეაჯამა, რაც ცესკო-მ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეეგ მედიაჩართულობის მიმართულებით განახორციელა.
“ჩვენი სურვილია, რომ მედიასაშუალებები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. რათა ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობა ვუზრუნველყოთ“- განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, ცესკო განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონულ მედიასთან თანამშრომლობას ანიჭებს. როგორც მან აღნიშნა, კომისიას თანამშრომლობის მემორანდუმი ოთხ მედიაასოციაციასთან აქვს გაფორმებული.
დღსვე, ცესკოს თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ხარატიშვილმა განაცხადა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს მედიაცენტრი უფრო უკეთ აღიჭურვება, რათა ჟურნალისტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, ოპერატიული მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამასთან, კომისია ივლისის ბოლოსთვის მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგის ჩატარებას გეგმავს.
ხარატიშვილის ინფორმაციით, რეგიონული მედიასაშუალებისთვის 300 ათასი ლარის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდება.
