საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. დესისლავა ივანოვამ ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ელჩმა ასევე ბულგარეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბულგარეთის მხარეს პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები აღინიშნა. საუბარი მაღალი დონის ვიზიტების პრაქტიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის გაგრძელების მნიშვნელობას შეეხო.
მხარეებმა ასევე ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტულ თემებზეც ისაუბრეს, მათ შორის საუბარი მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ვიზიტებსაც შეეხო.
უწყების ცნობითვე, ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე გამახვილდა. შეხვედრაზე ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
მხარეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
