„ქართულ ოცნებაში“ „სახალხო კრებასთან“ მაჟორიტარებთან დაკავშირებით კონსულტაციებს არ გამორიცხავენ
„ქართულ ოცნებაში“ „სახალხო კრებასთან“ მაჟორიტარებთან დაკავშირებით კონსულტაციებს არ გამორიცხავენ
12:56 20.06.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ „სახალხო კრების“ წევრებთან მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების მიმდინარეობას არ ადასტურებენ, თუმცა, სამომავლოდ ამას არ გამორიცხავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„სახალხო კრების“ წევრებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, თუმცა, გამორიცხული არაფერია. ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვით და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ამ წუთას სათქმელი არ არსებობს“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ფანჯიკიძემ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ "სახალხო კრების" წევრებისადმი მას აქვს სურვილი და შეთავაზება. აღნიშნული წინადადების თანახმად, თუ ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი რეგიონებში კოალიციასთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატებს მოხსნის და მათ დაუჭრს მხარს.

შეთავაზება „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ უკვე განიხილა და ამ საკითხზე კოსულტაციების დაწყების უფლება ნონა გაფრინდაშვილს, გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს მიანიჭა.

ბეჭდვა