„ქრისტიან-დემოკრატები“ უსახლკარო ოჯახების პრობლემებზე საუბრობენ
„ქრისტიან-დემოკრატები“ უსახლკარო ოჯახების პრობლემებზე საუბრობენ
19:26 19.06.2012
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიაზ ზოსიძე და ბათუმის საკრებულოს „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ნაზი ქობულაძე მალაყმაძეების 8 სულიან ოჯახს შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, მალაყმაძეების სახლი რამდენიმე წლის წინ ურეხში მეწყერმა დაანგრია და ოჯახი უკვე მეოთხე დღეა ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.
მათივე ცნობით, სახელმწიფომ დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 20 ათასი ლარი გადაუხადა, თუმცა, თანხა ახალი საცხოვრებლის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ მხოლოდ მიწის ნაკვეთის და მცირეოდენი სამშენებლო მასალის შეძენა მოახერხეს. იმის გამო, რომ ოჯახის უფროსი ბათუმის საზღვაო სანაოსნოს თანამშრომელი იყო, სამსახურმა ოჯახი დროებითი ბინით დააკმაყოფილა, თუმცა, სამი წლის შემდეგ ბინის დაცლა მოთხოვა.
„როცა სახელმწიფო ქუჩის გადახურვაში და ასტრონომიულ საათებში კოლოსალურ თანხებს იხდის, ძნელი დასაჯერებელია, რომ ქალაქის ბიუჯეტში არ არსებობს თანხები, მიუსაფარი ადამიანებისთვის რამდენიმე ოთახის გამოსაყოფად. ქალაქს, რომელსაც ტურისტული ქალაქის პრეტენზია აქვს, დაუშვებელია მის შემოსასვლელში ხალხი ღია ცის ქვეშ ცხოვრობდეს და მათზე არავინ ზრუნავდეს“ – განაცხადა ნაზი ქობულაძემ.
მისივე თქმით, ოჯახი დროებითი თავშესაფრის გამოყოფას ქალაქის მერიას სთხოვს, თუმცა, მათი ბედით სახელმწიფოს მხრიდან ჯერ–ჯერობით არავინ დაინტერესებულა.


ბეჭდვა