უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, „ქართული დასის” ლიდერმა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ავტორმა ჯონდი ბაღათურიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა,
რომ საქართველოს ციხეები ნემსის ქურდებითაა სავსე, მაშინ როცა აქლემის ქურდები პარლამენტში სხედან.
როგორც ბაღათურიამ დღეს მასშტაბური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, პარლამენტს ჰყავს ვიცე-სპიკერი, რომელსაც 5 ათასი ადამიანი ფულის მოპარვას ედავება და მიუხედავად ამისა, ის მაინც პარლამენტშია.
ბაღათურიამ ვიცე–სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი იგულისხმა, რომელიც საამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტის“ ერთ–ერთი დამფუძნებელია. კომპანიას მოსახლეობის ნაწილი თანხების მითვისებას ედავება.
„საქართველოში დღეს აქლემის ქურდები ნემისის ქურდებს იჭერენ” – განაცხადა ბაღათურიამ.
ის გაუგებარს უწოდებს უმრავლესობის წარმომადგენლების არგუმენტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მასშტაბური ამნისტია ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას გააუარესებს. ამის საპასუხოდ ბაღათურიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა.
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დღეს ბაღათურიას ინიციატივა მასშტაბური ამნისტიის განხორციელების შესახებ, ჩააგდო. პროექტს მხოლოდ 6 მხარდამჭერი ჰყავდა.
