ჯვრის მონასტრის საკითხი ქნესეთის დელეგაციასა და დავით ბაქრაძეს შორის არ განხილულა
ჯვრის მონასტრის საკითხი ქნესეთის დელეგაციასა და დავით ბაქრაძეს შორის არ განხილულა
18:54 18.06.2012
საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დავით ბაქრაძემ და ისრაელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებმა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრაქცია „შას“ უფროსმა აბრაამ მიხაელმა განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ასევე კატასტროფებზე რეაგირების კუთხით ისრაელის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, ასევე სამედიცინო და სოფლის მეურნეობის სფეროებში დახმარების აღმოჩენაზე.
ქნესეთის დეპუტატის ნინო აბესაძის თქმით, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იქნება საპარლამენტო კომისიებს შორის პროფესიულ თემებზე დიალოგის გამართვა.
„ჩვენ გვესმის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში არჩევნებია, მაგრამ ეს არჩევნები არ შეცვლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ეს ურთიერთობები გაგრძელდება და ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი პოზიტიური და შედეგიანი მომენტები გვქონდეს“ - განაცხადა აბესაძემ.
რაც შეეხება ჯვრის მონასტრის საკითხს, დელეგაციის წევრების განცხადებით, ეს საკითხი ბაქრაძესთან შეხვედრისას არ განხილულა.
„მე არ მჭირდება იმის ახსნა, რას ნიშნავს საქართველოსთვის იერიუსალიმის ჯვრის მონასტერი. ამჟამად, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის დეპუტატი ვარ და ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია კონფესიათა შორის ურთიერთობაში ჩარევა“ – განაცხადა აბესაძემ.



ბეჭდვა