გიგი წერეთელი - მსოფლიოში ბევრ ისტორიულ შენობაზე თანამედროვე კონსტრუქციები გამოყენება, მათ შორის ლიფტიც
გიგი წერეთელი - მსოფლიოში ბევრ ისტორიულ შენობაზე თანამედროვე კონსტრუქციები გამოყენება, მათ შორის ლიფტიც
17:21 18.06.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთლი მიიჩნევს, რომ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტზე გადაწყვეტილებას სპეციალისტები იღებენ და არა პოლიტიკოსები.

როგორც წერეთელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიოში ბევრ ისტორიულ შენობაზე არის გამოყენებული თანამედროვე კონსტრუქციები, მათ შორის ლიფტიც.

„მსოფლიოში ძალიან ბევრ ადგილას, ისტორიულ შენობებზე – იტალიაში და ესპანეთშიც არის თანამედროვე კონსტრუქციები, ვთქვათ ლიფტი. ეს ხელს უწყობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ისტორიული კომპლექსი. მე ამის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მინახავს და ვიცი“ - განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, რამდენად შეესაბამება თანამედროვე კონსტრუქციები ბაგრატის პროექტს, ამაზე გადაწყვეტილებას სპეციალისტები იღებენ და არა პოლიტიკოსები.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, რეაბილიტაციის პროცესი შეთანხმებულია და მასში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ინსტიტუტები.

ბაგრატის ტაძრის მშენებლობა-რესტავრაციის შეჩერება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას მოითხოვა.
„ბევრი რამ არასწორადაა გაკეთებული და ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ მშენებლობა და რესტავრაცია საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად ხდება. სწორედ ამიტომ, მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სამუშაოები მანამდე შეჩერდება, სანამ არ გაირკვევა ზუსტად რა უნდა გაკეთდეს.
რესტავრაცია დღეიდან შეჩერდა.

ბეჭდვა