„საქართველოს გზა“ მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვას ითხოვს
„საქართველოს გზა“ მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვას ითხოვს
16:44 18.06.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელის მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ეჭვების გაქარწყლებისკენ მოუწოდებს, რომელიც ჯიბლაძის გაუჩინარების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა.

„საქართველოს გზა“ მიიჩნევს, რომ ჯიბლაძის გაუჩინარება პოლიტიკურ პროცესებთან და მოსალოდნელ ეროვნულ გამოცდებთანაა დაკავშირებული, რის გამოც საზოგადოებაში აღნიშნული პირის გაუჩინარების გამო ეჭვი გაჩნდა.

„საქართველოს გზა“ მოითხოვს, რომ შსს-მ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ უნდა წარმართოს. ასევე, ცნობილი უნდა გახდეს რა ღონისძიებები ჩატარდა ჯიბლაძის მოსაძებნად, გაშიფრულია თუ არა სათვალთვალო კამერები და არსებობს თუ არა მოქმედების გეგმა.

„უკვე ერთი კვირაა მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. რამდენადაც ცნობილია, მისი გაუჩინარების ფაქტზე გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება აწარმოებს, იმ პირობებში, როდესაც ქალაქში მასიურადაა დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები, პოლიციის მიერ კონტროლზეა აყვანილი თითქმის ყველა მოქალაქის ყოველდღიური ყოფა, ძნელი წარმოსადგენია, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს გაუჭირდეთ გაუჩინარებული მოქალაქის მოძებნა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათემატიკოსი მამუკა ჯიბლაძე, რომელიც გამოცდების ცენტრში კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, მიმდინარე წლის 11 ივნისს გაუჩინარდა.



ბეჭდვა