პრეზიდენტმა პარლამენტს ელჩობის 9 კანდიდატურა წარუდგინა
პრეზიდენტმა პარლამენტს ელჩობის 9 კანდიდატურა წარუდგინა
16:19 18.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად სხვადასხვა ქვეყნებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების 9 კანდიდატურა წარუდგინა.
დიპლომატების კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს სხდომაზე დაასახელა.
კერძოდ, თურქეთში წარდგენილია ზურაბ პატარაძე, რომელიც 2011 წლიდან დღემდე თურქეთში საქართველოს გენერალური კონსულია.
ინდონეზიაში წარდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ალექსიძე.
შვეიცარიის კონფედერაციაში – ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ირაკლი ყურაშვილი.
არგენტინაში – საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გელა სეხნიაშვილი.
ბელარუსის რესპუბლიკაში – ამავე სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დავით კოტარია.
ბულგარეთში – კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან მეტრეველი.
ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ჯაოშვილი.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარდგენილია ბექა დვალი, რომელიც არის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
კანადაში ელჩად და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად წარდგენილია არგენტინაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლაცაბიძე.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ელჩების კანდიდატურებს პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს.


ბეჭდვა