„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და კონფიგურაციის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში გააკეთებს.
ამის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭო პარტიის რეგიონალურ ლიდერებსა და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს.
განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ შეხვედრეების მიზანია თბილისის ყველა რაიონსა და ქვეყნის თითოეულ რეგიონში შექმნილი პოლიტიკური და რეალური წინასაარჩევნო მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი.
„გარდა პარტიის აქტივთან ინტენსიური მუშაობისა, „დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტები უკვე ხუთ თვეზე მეტია აწარმოებს პირდაპირ საუბრებს მოსახლეობასთან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები პირდაპირ ოჯახებში სტუმრობენ ამომრჩევლებს და ამ ფარგლებში თბილისში 50 000-ზე მეტ, ხოლო ბათუმში 10 000-ზე მეტ ოჯახს ეწვივნენ“- ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული შეხვედრები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის პირდაპირი მონიტორინგი, შესწავლილ იქნას დინამიკა და დაფიქსირდეს მოსახლეობის განწყობის რეალური სურათი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
განცხადების მიხედვით, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ასევე აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში უკიდურესად გაუარესებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ინტენსიურ მიმოწერას აწარმოებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
