პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სახით, ქართულ პოლიტიკაში
ახალი სახეები გამოჩდნენ.
ცისკარიშვილის შეფასებით, კოალიციის ეფექტური და ორგანიზებული აქციების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი არ არის როგორი გულისყურით იქნებოდა შესწავლილი მაჟორიტარობის ამა თუ იმ კანდიდატის შესაძლებლობები.
როგორც ცისკარიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, შესაძლოა, კოალიციის კანდიდატები თბილისის მოსახლეობისთვის გარკვეული მოულოდნელობაა, მაგრამ არა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„ის კანდიდატები, რომლებიც წარადგინეს, საზოგადოებამ ოვაციებით მიიღო, რაც საკმარისი წინაპირობაა იმისა, რომ შესაბამისი სამუშაოს წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, ისინი გაიმარჯვებენ“- განაცხადა ცისკარიშვილმა.
პოლიტოლოგის აზრით, კოალიციის მიერ ოზურგეთში გამართული აქცია უფრო გულწრფელი და დამაჯერებელი იყო, ვიდრე წინა აქციები. ის მიიჩნევს, რომ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა ოზურგეთისთვის სარეკორდო იყო.
ცისკარიშვილმა კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ინფორმაციული, დამაჯერებელი, ოპტიმისტური და დიდი მუხტის გადამცემი უწოდა არამხოლოდ მოედანზე მყოფი ადამიანების, არამედ, ტელემაყურებლებისთვისაც.
„ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ოზურგეთი დარჩა კმაყოფილი, არამედ სხვა რეგიონებში მოლოდინი გაიზარდა. მოგეხსენებათ, ქართველებს გვიყვარს ერთმანეთთან ტრაბახი, გაუმჟღავნებელი, მაგრამ მაინც, შეჯიბრი. ალბათ, სხვა რეგიონები მოუთმენლად ელიან ანალოგიურ შეხვედრებს“- განაცხადა „ნიუსპრესთან“ საუბარში ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ყველა რეგიონი ეცდება დამსწრე საზოგადოების სიმცირით არ შერცხვეს.
