კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ კოალიციის წევრ პოლიტიკურ პარტიებს „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის
დაპირისპირება კატეგორიულად უარყო.
„კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილმა იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება შეძლო, რომელთაც ოდესღაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე.
მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, თითქოს, მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გუშინ, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციაზე არ იმყოფებოდა.
„დავით ბერძენიშვილი გუშინ ჩოხატაურში იყო და იქიდან ჩამოყვა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. აქედან გამომდინარე, ხმები იმის შესახებ, რომ ბერძენიშვილი გურიაში არ იმყოფებოდა არასწორია“-განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ სწორედ ბერძენიშვილის დამსახურება იყო გურიის აქციის ორგანიზება.
რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატების თემას, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პრეროგატივაა და კანდიდატები, ეტაპობრივად, აქციების მიმდინარეობისას თავად მის მიერ დასახელდებიან.
