საგარეო უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას ბაგრატის „იუნესკოს“ ნუსხიდან შესაძლო ამოღების შესახებ
საგარეო უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას ბაგრატის „იუნესკოს“ ნუსხიდან შესაძლო ამოღების შესახებ
12:12 18.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ბაგრატის ტაძარი „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ.
როგორც დღეს ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბაგრატის ტაძარს რაიმე საფრთხე ემუქრება და ის ძეგლთა ჩამონათვალიდან შესაძლოა ამოიღონ.
„ამ საკითხზე ქართულ მხარესთან ერთად „იუნესკოს“ სპეციალური კომიტეტი მუშაობს. ქართულ მხარეს აქვს არგუმენტირენული პოზიცია, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“- განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, სავარაუდოდ 24 ივნისს, პეტერბურგში „იუნესკოს“ კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც ქართული მხარე თავის პოზიციას წარადგენს და ბაგრატის რეკონსტრუქციის სამუშაო პროექტს განიხილავენ.
ამასთანავე, კალანდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობდნენ სწორედ ის სპეციალისტები, რომლებიც ქართულმა მხარემ იუნესკოს რეკომენდაციით მოიწვია.
„დაველოდოთ პროექტის განხილვას. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში პოზიციები ისე შეჯერდება, რომ ქართული მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“- განაცხადა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ საკითხში საპატრიარქოს პოზიცია არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის შეჩერების საჭიროებასთან დაკავშირებით სამების ტაძარში გუშინ პატრიარქმა ისაუბრა. მისი თქმით, გავრცელდა ხმები, რომ ბევრი რამ ისე კეთდება, რამაც შესაძლოა, ტაძარი დააზიანოს, ამიტომაც პატრიარქმა სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი „იუნესკომ“ ნუსხიდან ამოიღოს.



ბეჭდვა