ივანიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფო ყველას ჯანმრთელობაზე იზრუნებს
ივანიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფო ყველას ჯანმრთელობაზე იზრუნებს
21:15 17.06.2012
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფო უკლებლივ ყველას ჯანმრთელობაზე იზრუნებს. ამის შესახებ  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ოზურგეთში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის საკითხი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია.
„ამ მხრივ ბოლო 20 წელზე მეტია ჩვენი მოქალაქეები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, თითქოს რაღაც იცვლება, საავადმყოფოებიც შენდება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ 21-ე საუკუნეში უექიმობისა და უწამლობის გამო კვდებიან ადამიანები“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის სიძვირის გამო შეუძლებელია საავადმყოფოში დაწოლა, ძვირია წამლები და სამედიცინო მომსახურება.
ივანიშვილის თქმით, გაჭირვებული და წელში გატეხილი ხალხი ადვილი სამართავია და ხელისუფლება ფიქრობს, რომ დახმარებას მისცემს და ხალხიც მუდამ მადლიერი და მორჩილი იქნება.
„მე და ჩემს გუნდს არ გვინდა, დაბეჩავებული ხალხის ხელისუფლება ვიყოთ, ჩვენ ღირსეული, ამაყი და წელში გამართული ხალხის ხელისუფლება უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ადამიანს მივხედავთ, ხალხს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მივცემთ. ამიტომ, ოქტომბერში, საპარლამენტო არჩვენებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს თითოეული მოქალაქის - უკლებლივ ყველას ჯანმრთელობაზე იზრუნებს სახელმწიფო“- განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა