საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას და არა სააკაშვილს და მის კრიმინალურ ჯგუფს. ამის შესახებ კოალიცია
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს მოსახლეობას დააჯეროს, რომ დასავლეთის ქვეყნები და განსაკუთრებით აშშ, მხარს უჭერენ მას პირადად და მის გუნდს, ხოლო თავად ამ სახელმწიფოებს უმტკიცებს იმას, რომ მხოლოდ ის და მისი გუნდია პროგრესულად მოაზროვნე.
„ოპოზიციას გაუჩნდა შესაძლებლობა მიაწვდინოს ხმა მთელს მსოფლიოს. ჩვენი ძალისხმევით სააკაშვილს ჩამოვხსენით ნიღაბი და სხვებმაც დაინახეს რას წარმოადგენს ის“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს დაანახებს, რომ „ამ ახირებულ და თავგასულ ხელისუფლებას არჩევნების გზით, კანონიერად გაისტუმრებს“.
როგორც მან აღნიშნა ბიზნესში მან წარმატებას იმის გამო მიაღწია, რომ ირგვლივ ჭკვიანი ხახლი შემოიკრიბა და იგივე პრინციპით მოქმედებს პოლიტიკაშიც.
„ძალა ერთობაშია და თითეულ ჩვენგანშიც. ყველა ჯარისკაცებად უნდა ვიქცეთ. შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებზე დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენს წინააღმდეგ არის ერთი კაცი, რომელსაც სიცრუის და ძალადობის გარდა აღარაფერი შერჩენია“ - განაცხადა ივანიშვილმა.
