ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის დაფუძნებას პირდება
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის დაფუძნებას პირდება
20:55 17.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ოზურგეთში შეკრებილ აქციის მონაწილეებს ხელისუფლებაში მოსვლის  შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის დაფუძნებას დაჰპირდა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს ქართული სოფელის აღორძინება და ფონდიც მხოლოდ სოფლის მეურნეობისთვის იქნება განკუთვნილი.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გეგმის მიხედვით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას შეძლებენ. მისივე თქმით, მოწესრიგდება მიწის დაკანონების საკითხები და შეიქმნება სათანადო გარანტიები.

ასევე, ხელი შეეწყობა გლეხებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში, დაფუძნდება კერძო საწარმოები, რომლებიც მომხმარებელს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს - ტრაქტორებს და ყველა საჭირო აღჭურვილობას შესთავაზებენ, საწარმოები კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობენ ფერმერებს მოსავლის აღებაში, დაბინავებაში და საჭიროების შემთხვევაში, დასაწყობებაში, ბაზარზე გატანასა და გასაღებაში.
„გურიაში სოფლის მეურნეობის არა ერთი დარგი იყო განვითარებული, ჩაით, ციტრუსითა და თხილით განთქმული მხარე დღეს თითქმის გაპარტახებულია და მხოლოდ თხილის პლანტაციებია შემორჩენილი. დღეს გურულებს თხილიღა შემორჩათ ისედაც მწირი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ. მე ვიცი, როგორ თავდაუზოგავად შრომობთ, მაგრამ ამ შრომის შესატყვისი შემოსავალი არა გაქვთ“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს მონოპოლიზებულია თხილის ბიზნესი და მისი ჩაბარების ფასი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი ერთი ჯგუფის ხელშია.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ჩალის ფასია და მონოპოლია უნდა დასრულდეს.
მისი განმარტებით, ერთი მცირე ჯგუფი ვეღარასოდეს გადაწყვეტს ვერც ერთი ადამიანის ბედს და ყველას ექნება საკუთარი შრომით ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მაშინ როცა გურიაში პლანტაციები გავერანებულია, ქართველები თურქეთსა და საბერძნეთში ოჯახის სარჩენად არიან გადახვეწილი და იქ თხილის, ჩაისა და ციტრუსის პლანტაციებში მუშაობენ.
„რა გვჭირს ასეთი ქართველებს, რა დაგვემართა, რომ ჩვენი ხალხის ადგილი ჩვენსავე სამშობლოში აღარ არის! ეს უნდა დასრულდეს! ჩვენ გვჯერა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინების სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში იმდენად კარგი კლიმატური პირობები და სამუშაო ძალაა, სირცხვილია სოფლის მეურნეობის გაპარტახება.
„ქართული ოცნების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ქართული სოფლის მეურნეობის განადგურება ხელისუფლების გაუაზრებელი და არასწორი პოლიტიკის შედეგია.

ბეჭდვა