კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცრუ დაპირებებში დაადანაშაულა.
როგორც ივანიშვილმა ოზურგეთში კოალიციის აქციაზე განაცხადა, სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ გურიაში „ქართული ოცნების“ აქცია იმართებოდა, მაშინვე ოზურგეთსა და ურეკში გაიქცა და ცრუ დაპირებები გასცა.
„ტყუილი რომ არის ეს დაპირება, თქვენ კარგად იცით. ხომ გახსოვთ რა სპექტაკლი დადგა გურიაში, კალანდობა გაითამაშა და თეატრის მსახიობები ათამაშა - ნახეთ რა დალხენილად ცხოვრობენ გურულებიო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, გურულებს რას მოატყუებ“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით ყველაფერზე მიდის.
ივანიშვილის განმარტებით, ხელისუფლება ისე იქცევა, რომ თითქოს საქართველო მათთვის არა სამშობლო, არამედ ძალაუფლების ასპარეზია.
„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, რომ მისი სხვა ქვეყნად გადაქცევა განიზრახო“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ მასხარაობა არ უნდა იკადროს ისეთ უშიშარ და მებრძოლ ხალხთან, რომელიც ყოველთვის განთქმული იყვნენ უსამართლობასთან ბრძოლის ჟინით.
მისივე თქმით, გურულებისთვის პილიტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია და ისინი ყოველთვის იქ არიან, სადაც პოლიტიკაა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების წარმომადგენლებს შორის უმეტესობა სწორედ გურული იყო. თავად დამოუკიდებლობის აქტზეც პირველი ხელმოწერა გურულს - ნოე ჟორდანიას ეკუთვნის.
