თემურ ჭკუასელი - საქართველოში 2003 წელს შემოვიდა უჯიშო ვარდი, რომელიც შემოდგომაზე უნდა ამოვძირკვოთ
თემურ ჭკუასელი - საქართველოში 2003 წელს შემოვიდა უჯიშო ვარდი, რომელიც შემოდგომაზე უნდა ამოვძირკვოთ
19:33 17.06.2012
ოზურგეთში მიმდინარე აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს.

თემურ ჭკუასელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებული რეჟიმი მშვიდობიანად უნდა შეიცვალოს.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს შერიგების დრო არ არის და აუცილებელია, მშვიდობით მივიდეს ხალხი თავისუფლებამდე.

„საქართველოში 2003 წელს შემოვიდა უჯიშო ვარდი. თავმოყვარე გლეხი ასეთ ვარდს ეზოში არ გააჩერებს. შემოდგომაზე უნდა ამოვძირკვოთ ეს ვარდი ძირფესვიანად“- განაცხადა ჭკუასელმა.

აქციის მონაწილეებს რეჟისორმა ქეთი დოლიძემაც მიმართა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ურეკში სკვერს ხსნიდა, თუმცა, მასთან შეკრებაზე მხოლოდ 5 კაცი მივიდა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის შეკრებებზე მხოლოდ ის ხალხი დადის, რომლებიც სპეციალური ავტობუსებით დაჰყავთ.

„სააკაშვილი 8 წლის განმავლობაში ანგრევდა და ახლა კითხულობს, რატომ არ არის გზა და არ კეთდება არაფერი. მან ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ჩვენზე თქვა - ესენი არიან ხელმოცარული და შეუმდგარი ხელოვანებიო, ვინ არის შეუმდგარი ხალხი - რობერტ სტურუა, გივი ბერიკაშვილი, ნინელი ჭანკვეტაზე და სხვა უამრავი?“ - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა უკან არ დაიხევს და ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში.

ბეჭდვა