საქართველოს მოსახლეობას 2004 წელს გურულებისთვის რომ დაეჯერებინა, ქვეყანა ასეთ ცუდ დღეში არ აღმოჩნდებოდა. ასე მიესალმა დღეს
ოზურგეთის ცენტრში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
„ქუდზე კაცია გამოსული. თქვენ ჩემზე ადრე შეიცანით სააკაშვილი კარგ დღეს რომ არ დააყენებდა ქვეყანას, რომ დაგვეჯერებინა თქვენთვის, ასეთ დღეში არ აღმოვჩნდებოდით. მხედველობაში მაქვს 2004 წელი, როდესაც მთელი საქართველო და მათ შორის მეც ეიფორიაში ვიყავით, სააკაშვილმა სწორედ გურიაში მიიღო ყველაზე დაბალი შედეგი“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მას ოქტომბრის არჩევნებზე განსაკუთრებული იმედი აქვს გურიის რეგიონის მოსახლეობის.
„გურულები მეამბოხეები ხართ ბუნებით, პირველები ხართ თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ამიტომ, თქვენი განსაკუთრებული იმედი მაქვს იმ გეგმებში, რომლებიც ოქტომბერში გამარჯვებას უკავშირდება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მან გაიხსენა, რომ 12 წლის ასაკში ოზურგეთის უნივერმაღის მშენებლობაზე, ხოლო 18 წლისა - ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა.
როგორც კოალიციის ლიდერმა განაცხადა, მან სწორედ გურიაში ისწავლა ორგანიზებული შრომის ფასი.
