ფოთში დასაქმების პრობლემის მოგვარების მიზნით, კომპანია „სოკარი“ ნავთობპროდუქტების ქიმიურად გადამამუშავებელი მსხვილი საწარმოს მშენებლობას იწყებს, სადაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.
ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში, ერთ-ერთი კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტმა მოსახლოებას ანგარიში ჩააბარა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის უკმაყოფილოა ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების ტემპებით და აუცილებლია ახალი მძლავრი საწარმოების შექმნა.
„ზონამ, როგორც მოველოდით, ისე არ გაამართლა, საწარმოების გახსნა ზონის შიგნით თითქმის არ მიმდინარეობს. რამდენიმე მცირე საწარმო გაიხსნა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დასაქმების პრობლემის მოგვარების დასაწყებად აუცილებელია საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება.
აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან „სოკარი“ ფოთში ახალი საწარმოს მშენებლობას დაიწყებს. მშენებლობა 2 წელი გაგრძელდება და პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება. ამოქმედების შემდეგ კი, ქარხანა დაახლოებით 2 ათას ფოთელს დაასაქმებს.
გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ფოთში კერამიკული ქარხნის ამოქმედების მიზნით და ავტომობილების აწყობის კონცეფცია მუშავდება .
პრეზიდენტი ფოთელებს ტექნიკური გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვენლობაზე ესაუბრა.
მისი თქმით, ახალი ქალაქის ლაზიკას იდეის მიზანი ფოთის გაძლიერება-გაფართოვებაცაა.
ქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი და შეღავათიანი სისტემა, რომელიც მოსახლეობას გაზიფიცირების საფასურის დაფარვას გაუმარტივებს. მან წყალმომარაგების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცახდა, რომ ფოთელებს 2015 წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.
