„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ შუახევის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ამაღლობელი „ქართული ოცნების“ შუახევის რაიონული
ორგანიზაციის წევრი უახლოეს დღეებში გახდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში, მურმან დუმბაძემ განუცხადა.
დუმბაძის თქმით, ამაღლობელი ქდმ-ს დატოვებაზე თითქმის ორი თვის განმავლობაში ფიქრობდა.
„მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და შეძლება ჩავთვალოთ, რომ ის უკვე პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრია“-განაცხადა დუმბაძემ.
მისი თქმით, ამაღლობელი აცხადებს, რომ ქდმ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი და მის ალტერნატივას არ წარმოადგენს.
„ამავე დროს, მას არ მოსწონს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილს აუგად იხსენებს. სწორედ ეს გახდა ამაღლობელის მიერ პარტიის დატოვების საფუძველი“-განაცხადა დუმბაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შუახევის რაიონულ ორგანიზაციაში ამაღლობელის გაწევრიანების ფორმალური საკითხი უახლოეს 2-3 დღეში მოგვარდება.
დუმბაძის ინფორმაციით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ შუახევის ორგანიზაცია არა მხოლოდ თავმჯდომარემ, არამედ პარტიის სხვა არაერთმა წევრმა დატოვა, რომლებიც ამაღლობელის პოზიციას იზიარებენ. მისივე თქმით ყველა მათგანი გაწევრიანებას „ქართულ ოცნებაში“ გეგმავს.
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გურამ ამაღლობელმა განცხადება პარტიის დატოვების შესახებ დღეს გააკეთა.
