„ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
16:11 16.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმის მიხედვით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც „ნიუსპრესს“ აქციის კოორდინატორმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ხელისუფლების მხრიდან აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

„ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი იმდენად დიდია, ვერანაირი დაბრკოლება მის გამართვას ხელს ვერ შეუშლის“-განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, აქციის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში არავითარ სერიოზულ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა იქვე დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან გამორიცხული არაფერია.

აქციის კოორდინატორი დარწმუნებულია, რომ ხვალინდელი აქცია ხალხმრავალი და საინტერესო იქნება.

„ეს იქნება მყისეული გაგრძელება იმ ესტაფეტისა, რომელმაც სტარტი აიღო თბილისსა და ქუთაისში და სამომავლოდ საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს“-განაცხადა მან.

ქუთაისის აქციის მსგავსად, ოზურგეთშიც დასახელდება თუ არა კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჩიქოვანი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.

„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა