პრეზიდენტი სრულიად მსოფლიოს ქართველთა წარმომადგენლობითი ასამბლეის შექმნის იდეით გამოდის
პრეზიდენტი სრულიად მსოფლიოს ქართველთა წარმომადგენლობითი ასამბლეის შექმნის იდეით გამოდის
15:31 16.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით, საქართველოში სრულიად მსოფლიოს ქართველთა წარმომადგენლობითი ასამბლეა შეიქმნება.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელთაც თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

პრეზიდენტის თქმით, სრულიად მსოფლიოს ქართველთა ასამბლეა წარმომადგენლობითი ორგანო იქნება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველების წარმომადგენლები შევლენ. მისივე თქმით, ასამბლეის შტაბბინა თბილისში იქნება, სადაც რეგულარული სესიები ჩატარდება.

პრეზიდენტისავე თქმით, წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი არჩევნები რამდენიმე თვეში გაიმართება.

„ეს იქნება ხმა, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები მთელი მსოფლიოდან საქართველოს მოაწვდიან. ქართველების ცენტრი, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, საქართველოშია“-განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესვე სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, რომლის მეშვეობითაც ისინი საჯარო სამსახურში მუშაობას შეძლებენ.

სააკაშვილის თქმით, სხვადასხვა ისტორიული ფაქტორების გამო საქართველოს გარეთ მრავალეთნიკური ქართველი ერის უფრო მეტი წარმომადგენელი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს შიგნით, რაც წინა წლების ტვირთია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები არ დაკარგოს.

„ჩვენთვის ეს ხალხი ერთი მხრივ დანაკარგია, მეორე მხრივ დიდი სიძლიერე. გვინდა დანაკარგი შევამციროთ და სიძლიერის მომენტები ზემოთ ამოვწიოთ“-განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლება ეკლესიის დახმარებით, უცხოეთში საკვირაო სკოლებს ხსნის და დიასპორების შეკრებების ორგანიზებას უზრუნველყოფს.


ბეჭდვა