მიხეილ სააკაშვილი - არ დავუშვებთ რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს
მიხეილ სააკაშვილი - არ დავუშვებთ რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს
12:07 16.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებისა და ამომრჩეველთა ხმების ყიდვას არ დაუშვებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული  ბანკის საკასო ცენტრის გახსნისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კრემლის პირდაპირი მითითებით საქართველოში დიდი ოდენობით რუსული ფული შემოდის.

„ბრიყვი უნდა იყო, ამას ვერ მიხვდე. თუ ბრმა და ყრუ არ არის, ყველამ იცის რაც ხდება“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი რუსულ ფულზე არასდროს გაიყიდება.

„ამის ფულის გამომგზავნებს და მათ აქაურ წარმომადგენლებს ერთი პრობლემა აქვთ- საქართველოში შეიძლება იყიდო რომელიმე დეგრადირებული ან დეკლასირებული პოლიტიკოსი, რომელიმე სფეროს მოქმედი ან ყოფილი წარმომადგენელი, ხალხი რომელსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია და ეშმაკსაც შეეკვრება, მაგრამ საქართველოში ორი რამ არ იყიდება - ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი“-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო აპარატში კორუფცია მოისპო, პოლიტიკურ კორუფციას კი ხელისუფლება არ დაუშვებს.
„არ დავუშვებთ, რომ პოლიტიკური პროცესები, ამომრჩევლები, მათი ხმები იყიდებოდეს 1, 10 ან 100 მილიარდად. საქართველოს მომავალი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე მათი მილიარდები და ამ უსინდისო ადამიანების ძალიან გაუფასურებული ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა“-აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება მკაცრად დაიცავს კანონს, რასაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ტაშს დაუკრავს.

ბეჭდვა