სააკაშვილმა მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ბანკები გააკრიტიკა
სააკაშვილმა მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ბანკები გააკრიტიკა
11:04 16.06.2012
პრეზიდენტი საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ხალხი ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებულია, ამიტომ აუცილებელია საბანკო საკრედიტო განაკვეთები შემცირდეს.
„ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით“-მიმართა პრეზიდენტმა შეკრებილ ბანკირებს და მოუწოდა ერთობლივად იმუშაონ, რათა კრედიტები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდეს და მის აღებას აზრი ჰქონდეს.
პრეზიდენტმა ბანკები კლიენტებისთვის საცხოვრებელი სახლების ჩამორთმევის ფაქტების გამოც გააკრიტიკა და მოუწოდა, იპოთეკური სესხის გაცემისას ადამიანების მდგომარეობა გაითვალისწინონ.
„მე ბევრს დავდივარ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში და ვხვდები ადამიანებს, რომელთაც ბანკებმა საცხოვრებელი სახლები წაართვეს და ქუჩაში დატოვეს. გთხოთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამის შედეგად ჩვენ ვიღებთ მოქალაქეების ძალიან დიდ ჯგუფს, რომელიც თქვენს მიერ არის გაღატაკებული და განადგურების პირას მისული“-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ბანკების ქმედებების შედეგად ქვეყანამ, შესაძლოა, დამშეული და გაღატაკებული მოქალაქეების მთელი კლასი მიიღოს.
„გაფრთხილებთ, რომ ძალიან სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას მიიღებთ. ნუ გამოეკიდებით და დახარბდებით ასეთ პატარა შემოსავლებს, რადგან აბსოლუტურ სოციალურ უკუეფექტს მივიღებთ და კლასობრივ შუღლს გავაჩენთ“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ხალხის უკიდურესი გაღატაკებით ფულის კეთება სავსებით დაუშვებელია.

ბეჭდვა